კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის გატარების, მკვეთრი კლიმატური გარემოს ცვლილების, ავიტამინოზის, ეკოლოგიური დაბინძურების, მტვრიან გარემოში ყოფნის ან ასაკის მატების ფონზე, შესაძლოა ადამიანს განუვითარდეს მშრალი თვალის სინდრომი.

მშრალი თვალის სინდრომი ყალიბდება ცრემლის აპკში განვითარებული ცვლილების გამო -  აღარ გამომუშავდება საკმარისი ოდენობის ცრემლი, შეცვლილია მისი ხარისხი ან ხდება ცრემლის დიდი რაოდენობით აორთქლება.  აორთქლების მიზეზი შესაძლოა იყოს მეიბომიის ჯირკვლების (რომლებიც მდებარეობს ქუთუთოების კიდეებზე) დაავადება, ქუთუთოს აპერტურის დარღვევა, თვალის ხამხამის დაბალი სიხშირე და სხვა.

როგორ მივხვდეთ რომ მშრალი თვალის სინდრომი გვიყალიბდება?

ხშირად გვიწითლდება თვალი
ვგრძნობთ ჩხვლეტასა და უცხო სხეულის არსებობას
გვაწუხებს თვალის ქავილი
მომატებული გვაქვს მგრძნობელობა სინათლის მიმართ
ხშირად გვეღლება ან გტკივათ თვალი
აღგვენიშნება ცრემლდენა
გვებინდება მხდეველობა
თვალის სიმშრალის სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება ხელოვნური ცრემლის მედიკამენტი, რასაც ბუნებრივი ცრემლის თვისებები აქვს. პრეპარატის ჩაწვეთება რეკომენდებულია დღეში რამდენჯერმე თვალის ზედაპირის დასატენიანებლად.

ექიმი გვაფრთხილებს,  იმ შემთხვევაში, თუ ხართ კონტაქტური ლინზების მატარებელი ან მგრძობიარე ხართ კონსერვანტების მიმართ, და მუდმივად გჭირდებად ხელოვნური ცრემლის გამოყენება, საჭიროა გამოიყენოთ კონსერვანტებისგან თავისუფალი წვეთოვანი მედიკამენტები.

მშრალი თვალის გამომწვევი რისკ- ფაქტორები:

ასაკობრივი ცვლილებები საცრემლე სითხის წარმოქმნასა და შემადგენლობაში
გარკვეული სისტემური დაავადებები ( სიოგრენის სინდრომი, რევმატოიდული ართრიტი,  ვიტამინ A-ს დეფიციტი, თირეოიდიტი  ან  დიაბეტი) 
ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების, სედატიური და ფსიქოტროპული საშუალებების, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, დიურეტიკების და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება
გარემო პირობები, როგორებიცაა მშრალი ჰაერი შენობებში, კონდიცირება, მტვერი, ელექტრომოწყობილობები, ქარი, ყინვა, მზე
კომპიუტერის  მონიტორთან  მუშაობა (თვალების ხამხამის სიხშირის შემცირების გამო)
კონტაქტური ლინზების გამოყენება
რქოვანას რეფრაქციული ქირურგია (PRK, LASIK)
 და ბოლოს, თუ შენიშნეთ, რომ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, აუცილებლად მიმართოთ ექიმს გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

https://aversiclinic.ge/