პნევმონია ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს.

პნევმონიების დაყოფა ფილტვის ანატომიური სტრუქტურების დაზიანების მიხედვით
ხდება. ფილტვი, თავის მხრივ, შედგება წილებისაგან, წილი - სეგმენტებისგან, სეგმენტი კი -
წილაკებისაგან. მარჯვენა ფილტვი სამი წილისგან შედგება, მარცხენა კი - ორისგან. დაზიანება შეიძლება განვითარდეს მთელ წილში - ეს წილოვანი, ანუ კრუპოზული, პნევმონიაა;
წილის სეგმენტში - სეგმენტური პნევმონია, წილაკში კი - კეროვანი, ანუ ბრონქოპნევმონია.
 

გამომწვევი მიზეზები და განვითარების მექანიზმი

პნევმონიის მიზეზი მრავალრიცხოვანია: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები.
მოზრდილებში მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია, ბაქტერიებიდან
კი - პნევმოკოკი. ამას გარდა, პნევმონია შეიძლება გამოიწვიოს სტაფილოკოკმა, სტრეპტოკოკმა, გრამ-უარყოფითმა ბაქტერიებმა და სხვა.

ფილტვების ანთება ზოგჯერ ვირუსული წარმოშობისაა - გამოწვეული A და B ტიპის ვირუსით, ადენოვირუსით, პარაგრიპის ვირუსით, ასევე სპეციფიკური ინფექციების გამომწვევი ვირუსებით, როგორებიცაა: წითელა, წითურა, ჩუტყვავილა.
პნევმონიის მიზეზი შეიძლება გახდეს მიკოპლაზმები, ტუბერკულოზის მიკობაქტერია,
პარაზიტები, ქლამიდიები, სოკოები. ზოგჯერ აღინიშნება ერთდროულად ორი სხვადასხვა
ბაქტერიის, ან ბაქტერიისა და ვირუსის და სხვა, მონაწილეობა ანთებითი პროცესის განვითარებაში.
მიკროორგანიზმები აღწევენ ფილტვში ზემო სასუნთქი გზებიდან. უფრო იშვიათად გამომწვევი შეიძლება მოხვდეს ფილტვში სისხლის ან ლიმფოგენური გზით, გულმკერდის ტრავმის შედეგად და სხვა.
პნევმონია ჩვეულებრივ იწყება მარჯვენა ფილტვის შუა ან ქვედა წილში და მარცხენა ფილ-
ტვის ქვედა წილში, იქ, სადაც სიმძიმის ზეგავლენით გროვდება ლორწო. პნევმონიის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბრონქების დაცობა ლორწოვანი გამონაყოფით.
ადამიანის ორგანიზმს სასუნთქი გზების ინფექციისგან დაცვის სხვადასხვა მექანიზმი გააჩნია. ქვედა სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნივთიერებებისაგან განთავისუფლება ხველით
ხდება. ტრაქეისა და ბრონქების კედელზე დალექილი წვრილი ნაწილაკების მოცილება მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობით ხორციელდება. აღნიშნული დაცვითი მექანიზმების
მოშლა შეიძლება გამოიწვიოს ინფექციისადმი ფილტვის მომატებულმა მგრძნობელობამ, ხველის რეფლექსის დარღვევამ, რაც ხშირია ანესთეზიის, ალკოჰოლური მოწამვლის, კრუნჩხვების და ა.შ. დროს.
მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ მწვავე და გახანგრძლივებულ, ანუ ქრონიკულ პნევმონიას, ასევე პირველად და მეორეული პნევმონიას. პნევმონია პირველადია, თუ ის მანამდე ჯანმრთელ ორგანიზმში აღმოცენდება; მეორეული პნევმონია ვითარდება სხვა, დაავადებების ფონზე, მაგ., პნევმონია წითელას დროს და სხვა.
 

პნევმონიის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორებია: ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია; ალკოჰოლიზმი; ხანდაზმული ასაკი; იმუნოდეფიციტური მდგომარეობა; ყლაპვის გაძნელება; ღებინება; ინტრავენურად ნარკოტიკების გამოყენება; გაცივება; თამბაქოს მოწევა
 

პნევმოკოკური პნევმონია

პნევმონიას ყველაზე ხშირად იწვევს ბაქტერია, უმეტესად - პნევმოკოკი. პნევმოკოკურ პნევმონიას ხშირად წინ უსწრებს წილოვანი პნევმონიის დასაწყისი, ჩვეულებრივ, უეცარია ვითარდება ერთჯერადი ძლიერი შემცივნება. ტემპერატურა სწრაფად მატულობს 39-410C-მდე. დამახასიათებელია: საერთო სისუსტე, ქოშინი, ტკივილი გვერდში; რომელიც ღრმა ჩასუნთქვისა და ხველის დროს ძლიერდება ეს მიუთითებს პროცესში პლევრის ჩართვაზე. ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა; ღებინება; კუნთების ტკივილი. ხველა დასაწყისში მშრალია, შემდეგ გამოიყოფა ნახველი. ნახველი წებოვანი და ჩირქოვანია, რამდენიმე დღეში სისხლიანი მინარევის გამო ჟანგისფერი ხდება. პაციენტი აგზნებულია, აქვს თავის ტკივილი, უძილობა, ზოგჯერ ბოდვები, აღენიშნება ზერელე და გახშირებული სუნთქვა. 30-45 წუთის შემდეგ გამოხატულია სახის სიწითლე, განსაკუთრებით დაავადების მხარეს, ციანოზი
ცხვირ-ტუჩის მიდამოში. გულმკერდის დაავადებული მხარე ხშირად ჩამორჩება სუნთქვაში.
დამახასიათებელია პულსის აჩქარება - 100-140 წუთში, არითმია, ზოგჯერ არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა.
წილოვანი პნევმონიის დროს აღინიშნება მუდმივი ცხელება. ტემპერატურული რეაქცია
გამოხატულია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.
კეროვანი პნევმოკოკური პნევმონია ხშირად მიმდინარეობს ბრონქიტის ფონზე. ამ დროს
პაციენტი თავს შეუძლოდ გრძნობს, უჩივის სისუსტეს, ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ან
ჩირქოვანი ნახველით. პლევრის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ტკივილი გვერდში. ტემპერატურა მატულობს 38-39 0C-მდე.
 

გართულებები

პნევმოკოკური პნევმონიებიდან აღსანიშნავია ფილტვების აბსცესი (ჩირქგროვა), პლევრიტი, პლევრის დაჩირქება, ქრონიკული პნევმონია და სხვა. შესაძლოა განვითარდეს სეფსისი (სისხლის მოწამვლა), ჩირქოვანი პერიკარდიტი (გულის პერანგის ანთება), მენინგიტი,
პერიტონიტი (მუცლის ფარის ანთება) და სხვა.
პნევმონიის ერთ-ერთი სახიფათო გართულებაა ფილტვების შეშუპება, რომელიც განსაკუთრებით გულით დაავადებულებში ვითარდება. ამ შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

დიაგნოსტიკა
პნევმოკოკური პნევმონიის დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის გამოკითხვას, ექიმის მიერ
პაციენტის გასინჯვით მიღებულ მონაცემებს და რენტგენოლოგიურ კვლევას. მეტად მნიშვნელოვანია ნახველში ან პლევრაში არსებულ სითხეში სპეციფიკური გამომწვევის აღმოჩენა. დიაგნოზი სრულყოფილია, თუ ზემოთ ხსენებული მასალიდან ან სისხლიდან
სპეციფიკური მიკროორგანიზმები ამოითესა.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია სისხლის საერთო ანალიზში. ქვეითდება ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა: რენტგენოლოგიური კვლევა აჩვენებს სპეციფიკურ სიმპტომს - ფილტვის მთელი წილის დაჩრდილვას.
 

პროგნოზი
პროგნოზი მძიმეა 1 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 60 წელს გადაცილებულ პაციენტებთან
ისეთი თანმხლები დაავადებების დროს, როგორებიცაა: გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი და სხვა.

აქტიური მკურნალობის შედეგად ავადმყოფს მდგომარეობის გაუმჯობესება და ტემპერატურული რეაქციის ნორმალიზება აღენიშნება მე-2-4 დღეს. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მაშინ სავარაუდოა ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება,
ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების არსებობა.

მკურნალობა
პნევმოკოკური პნევმონიის მკურნალობაში წამყვანია ანტიბიოტიკი პენიცილინი, რომელიც მსუბუქ შემთხვევაში ინიშნება აბების სახით 6 საათში ერთხელ. შედარებით მძიმე შემთხვევაში კეთდება ინიექციები კუნთში ან პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად. ხმარობენ
აგრეთვე ლევომიცეტინს, ტეტრაციკლინს და სხვა·

სტრეპტოკოკური პნევმონია

სტრეპტოკოკური პნევმონია უფრო ხშირად ვითარდება როგორც გართულება წითელას,
ყივანახველას, ჩუტყვავილას, გრიპისა და სასუნთქი სისტემის სხვა მწვავე დაავადებების გართულების შემდეგ. პნევმონია იშვიათად ვითარდება ნუშურა (გლანდების) ჯირკვლების ანთებისა და ქუნთრუშის დროს. კლინიკური სურათი პნევმოკოკური პნევმონიის მსგავსია.
მკურნალობა: პენიცილინი შეჰყავთ 4-6 საათში ერთხელ ინტრავენურად, შესაძლებელია ერითრომიცინისა და ცეფალოსპორინის გამოყენება. ტეტრაციკლინი ამ დროს რეკომენდებული არ არის.

მიკოპლპზმური პნევმონია
ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფილტვების ანთების ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია მიკოპლაზმები. დაავადების კლინიკური სურათი ზემოხსენებული პნევმონიების მსგავსია. ჩვეულებრივ, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და 1-2 კვირაში აღინიშნება
გაუმჯობესება, მაგრამ სისუსტე და უღონობა რამდენიმე კვირას გრძელდება. სამკურნალოდ
იყენებენ ტეტრაციკლინს ან ერითრომიცინს.

ვირუსული პნევმონია
ვირუსულ პნევმონიას მოზრდილებში ყველაზე ხშირად გრიპის ვირუსები იწვევს. გარდა
ამისა, ფილტვის ანთება შეიძლება გამოიწვიოს პარაგრიპის ვირუსმა. ვირუსულ პნევმონიას
ხშირად თან ერთვის ბაქტერიული ფლორაც. გრიპის ვირუსით ადვილად ავადდებიან მოხუცები, რომლებთანაც პნევმონია მიმდინარეობს მძიმედ, განსაკუთრებით გრიპის ეპიდემიის შემთხვევაში.

დამახასიათებელია უღონობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელება, ქოშინი,
ხველა ლორწოვან-ჩირქოვანი, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით. დიაგნოსტიკა გაძნელებულია,
მაგრამ ადვილდება ეპიდემიური აფეთქებების პერიოდებში.
ვირუსული პნევმონიის (განსაკუთრებით გრიპისშემდგომი) სიცოცხლისათვის საშიში გართულებაა ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, რომელიც განაპირობებს ცხვირიდან სისხლდენას,
სისხლჩაქცევებს, არტერიული წნევის უეცარ დაწევას; ამის გამო უარესდება თავის ტვინის,
თირკმლების, გულის, ფილტვების სისხლით მომარაგება და ვლინდება შესაბამისი სიმპტომებიც.
გრიპის პროფილაქტიკისათვის იყენებენ ვაქცინას, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში,
სადაც არიან ავადმყოფები იმუნოდეფიციტური მდგომარეობით, გულის, ფილტვის, თირკმლების ქრონიკული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით, მოხუცები. გრიპის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია აგრეთვე ამანტადინი - 100 მგ აბების სახით 12 საათში ერთხელ, ან დაავადების სიმპტომების გაჩენიდან 48 საათში.

ქრონიკული პნევმონია

ქრონიკული პნევმონია ფილტვის ქსოვილების ქრონიკული დაზიანებაა, რომელიც ვითარდება ადრე გადატანილი მწვავე პნევმონიის არეში და შემოფარგლულია ფილტვის სეგმენტით ან წილით. კლინიკურად ვლინდება ფილტვის დაზიანებულ უბანში ანთებითი
პროცესის განმეორებით.
ქრონიკული პნევმონიის გამომწვევი მიზეზები მწვავე პნევმონიის იდენტურია. მწვავე
პნევმონიის ქრონიკულში გადასვლას უკავშირებენ ორგანიზმის ზოგადი იმუნოლოგიური რეაქტიულობის დაქვეითებას. დაავადება მიმდინარეობს რემისიებითა და გამწვავებებით.
 

ავადმყოფის რეჟიმი ფილტვების ანთების დროს: პნევმონიის, განსაკუთრებით დაავადების მძიმედ მიმდინარეობის დროს, აუცილებელია წოლითი რეჟიმი. წოლითი რეჟიმი ცხელებისა და ინტოქსიკაციის მთელ პერიოდს მოიცავს და სიცხის დაწევიდან 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება. წოლითი რეჟიმიდან ავადმყოფი ჯერ ნახევრად წოლით რეჟიმზე გადადის (რამდენიმე დღე), შემდეგ კი დგება.
ავადმყოფის ოთახი ხშირად უნდა ნიავდებოდეს, რათა ის სუფთა ჰაერით სუნთქავდეს. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ჟანგბადის გამოყენებაც ინჰალაციის სახით. ცხელების პერიოდში ავადმყოფმა დღეში 2 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს - კომპოტების, ხილის წვენების, მინერალური წყლის და ა.შ. სახით.
რაც შეეხება კვებას, დაავადების პირველ დღეებში საკვების მიღება შეზღუდულია. ავადმყოფს აძლევენ ბულიონს, კომპოტებს, მაგრამ კვების რაციონში მალევე ერთვება მაღალკალორიული, ცხიმებისა და ცილების შემცველი პროდუქტები.
დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოხმარება.
ავადმყოფი საწოლში მოხერხებულად უნდა იწვეს, ხშირად იცვალოს მდებარეობა, რაც
სუნთქვას აადვილებს და ნახველის ამოღებასაც უწყობს ხელს.
 

პნევმონიის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები: ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად ინიშნება დამხმარე საშუალებები: ნახველის გამათხიერებელი (მუკალტინი, ალთე, ბრონქოლიტინი და სხვა) და ამოსახველებელი (ძირტკბილასა და ვირისტერფას ნაყენი).
მძიმე ინტოქსიკაციის დროს კეთდება გლუკოზისა და პოლიგლუკინის ინტრავენური გადასხმები.
ძლიერი ტკივილის შემთხვევაში გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები.
გაითვალისწინეთ, რომ პნევმონიის გამომწვევის განსაზღვრა ძალზე მნიშვნელოვანია ეფექტური მკურნალობისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პნევმონიის განვითარება მიკროორგანიზმებს
უკავშირდება, ის პრაქტიკულად გადამდები არ არის.
 

განმეორებითი პნევმონია

დაგვიანებული და არასრულყოფილი მკურნალობის შედეგად პნევმონია, შესაძლოა, განმეორდეს, რასაც ხელს უწყობს ორგანიზმში ინფექციის ქრონიკული კერების არსებობა: ნუშურა ჯირკვლების (გლანდების ანთება); შუა ყურის ანთება; გულის, თირკმლების, ღვიძლის დაავადებები; ფილტვის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები; პირველადი ან მეორეული იმუნოდეფიციტი; ორგანიზმის ალერგიული რეაქციები.
რეაბილიტაციის პერიოდი: პნევმონიის გადატანის შემდეგ აუცილებელიაა ფილტვების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. მით უმეტეს, რომ გადატანილი პნევმონიის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობას ბრონქების გამტარობის დარღვევები აღენიშნება. ამიტომ დაავადების პერიოდშივე ინიშნება სპეციალური ვარჯიშები, მასაჟი, კოტოშები, მდოგვის საფენები, ფიზიოთერაპიული ღონისძიებები. მოგვიანებით სასურველია სანატორიუმში დასვენება.